დისკრიმინაცია საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში

2014 წელს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) “საქართველოში რელიგიური გაერთიანებების საჭიროებების კვლევა” მოამზადა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 30-ზე მეტი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი. თითქმის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოქმედი საკანონმდებლო ნორმების მიუხედავად საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია მათი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.

საჯარო სკოლებში ხშირია პროზელიტიზმი, ადმინისტრაციისა და პედაგოგების ინიციატივით მართლმადიდებლურ ეკლესიებში ღვთისმსახურებაზე მოსწავლეების გაყვანა, კოლექტიური ლოცვა, არააკადემიური დანიშნულებით გამოფენილია რელიგიური სიმბოლიკა, მოწყობილია სალოცავი კუთხეები; ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა ქადაგებისა და რიტუალების შესასრულებლად (დალოცვა, კურთხევა, პარაკლისი) სამღვდელო პირების სკოლებში მოწვევა; პედაგოგები და მოსწავლეები რელიგიური უმცირესობებს დამამცირებლად ეპყრობიან, გამოვლენილია ინდოქტრინაციის შემთხვევები, სცადეს განსხვავებული აღმსარებლობის მოსწავლეთა მართლმადიდებლური წესით მონათვლაც.

ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის სახელმძღვანელოებში იშვიათადაა გამახვილებული ყურადღება ტოლერანტობასა და ,,განსხვავებულის“ პატივისცემაზე. როგორც წესი, სახელმძღვანელოები კი არ ასახავენ, არამედ ჩქმალავენ საქართველოში არადომინანტური აღმსარებლობების დიდ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას.

რელიგიური უმცირესობების კანონიერი ინტერესები არ არის გათვალისწინებული სასკოლო კალენდრის შედგენის დროსაც.

ყოველივე ამასთან ერთად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი მშობლები, უმეტესწილად, თავს იკავებენ პრობლემის გასაჯაროებისგან, რადგან მიაჩნიათ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად დამძიმდება მათი შვილების მდგომარეობა. წლების განმავლობაში ეს გარემოება საჯარო სკოლების ტოტალური უკანონო კლერიკალიზაციის მნიშვნელოვან მიზეზად იქცა.

პრობლემის აღწერა. კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების თქმით, საჯარო სკოლებში ერთ-ერთი პრობლემური საკითხი მართლმადიდებლური წესით კოლექტიური ლოცვის პრაქტიკაა, რომელშიც, ძალაუნებურად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

„ [გორის მე-12 საჯარო სკოლაში] იყო მასობრივი ზიარების შემთხვევები; ნებაყოფლობით წაიყვანეს ბავშვები ეკლესიაში ზიარებაზე. ამბობენ, ნებაყოფლობითო, მაგრამ ვინც არ მიდის, ის ხომ სტიგმატიზირებულია,“- ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე.
                                                                                                                                    ***
„ერთი წლის წინ ჩემმა ძმისშვილმა თქვა, პარასკევს სკოლაში შარვლით არ უნდა წავიდეო. აღმოჩნდა, რომ პარასკევობით, როცა ჰქონდათ ფიზკულტურის გაკვეთილი, მასწავლებელი სისტემატურად ხსნიდა ამ გაკვეთილს და ბავშვები მიჰყავდა ახლომდებარე ეკლესიაში,“ – ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.

რესპოდენტები აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში ხშირად გვხვდება ერთგვარი იერარქიული დაყოფა კონფესიური ნიშნით. განსაკუთრებით, აგრესიის მსხვერპლი არიან ისტორიულად შედარებით გვიან დამკვიდრებული რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი მოსწავლეები. პედაგოგები და მოსწავლეები, დამცირებელი კონოტაციით, ხშირად იყენებენ ეპითეტებს – „სექტანტი“, „იეღოველი“. რელიგიურ უმცირესობებს შორის ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფი იეჰოვას მოწმეებია, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ სიძულვილით და შეურაცხყოფენ, როგორც სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, ასევე მოსწავლეები.

თუმცა, შეუწყნარებლობა გამოიხატება ე.წ „ტრადიციული“ რელიგიური აღმსარებლობების მისამართითაც. მაგალითად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები კათოლიკებს ზოგჯერ უარყოფით კონტექსტში, „პაპისტებად“ მოიხსენიებენ. არაერთი ფაქტია გამოვლენილი ეთნიკურად ქართველი მუსლიმი მოსწავლეებისადმი პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან დამამცირებელი და შეურაცხყმყოფელი დამოკიდებულებისა, მათ უწოდებენ ხოლმე „თათრებს“, „ურჯულოებს“, „მტრებს“, მოუწოდებენ „მამა-პაპათა სარწმუნოებაში“ დაბრუნებისკენ.

„სექტანტობა სამშობლოს ღალატია – ასე უთხრა სკოლის მასწავლებელმა ჩვენი მრევლის შვილს,“ – ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე.

„ჩვენ ვიცოდით [სოფელ თიანეთში] ერთი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ. მათი ოჯახის წევრები ჩვენი ეკლესიის მრევლი არიან. გადავწყვიტეთ, რომ ტელევიზიისთვის გვეთხოვა მათზე სიუჟეტი გაკეთებულიყო, რომ ამ ოჯახს შესაბამისი სტრუქტურები დახმარებოდნენ. ამასობაში, გავიგეთ, რომ სკოლის დირექტორმა ბავშვი დაიბარა და უთხრა, სირცხვილია, რომ სექტანტი ხარ, თუ გინდა, რომ გადაცემა გაკეთდეს, მართლმადიდებლად უნდა მოინათლოო. სოფლის მცხოვრებლებისგანაც ხშირად ყოფილა ასეთი მიმართვები, აი, გზას რომ აცდით, ამიტომ ხართ გაჭირვებულებიო,“ – საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ლელა ხონელიძე.

„უდის მეორე საშუალო სკოლაში იყო შემთხვევა, როცა ისტორიის გაკვეთილზე მონაზონი ქადაგებდა, რომ კათოლიკები მწვალებლები არიან. მშობლებმა უნდა მოინანიონ, თორემ თაობებით დაწყევლილები იქნებითო,“ – ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, მამა მიხეილ სურმავა.

TDI-ის მიერ წარმოებული გამოკითხვის შედეგებით, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, როგორც წესი, რელიგიური სიმბოლიკის გამოყენებას ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად არ განიხილავენ. მათთვის სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლიკის საჯაროდ გამოფენა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება.

„რამდენიმე საკლასო ოთახში მოსწავლეებს საკუთარი სურვილითა და ნებით მოწყობილი აქვთ ხატების კუთხე. ვფიქრობ, მცხეთაში ქართველი ბავშვებისთვის ამის აკრძალვა გაუმართლებელია,“ – ს(ს)იპ ქალაქ მცხეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა.

„1998 წლიდან, მაშინ, როდესაც სკოლაში ისწავლებოდა საგანი რელიგია, 12 კვ. მ ფართობის მქონე ოთახში განუთავსებიათ რელიგიური ხასიათის სიმბოლოები, კერძოდ: კარიბჭის ღვთისმშობელის ხატი, უფალი იესო ქრისტე, წმინდა გიორგი, თამარ მეფის ხატი, მთავარანგელოზის, წმინდა ნიკოლოზის და ბზობის ხატი. აღნიშნული რელიგიური სიმბოლოების არსებობა ემსახურება დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ,“ – ს(ს)იპ ქალაქ თბილისის #213 საჯარო სკოლის დირექტორი ა.ბურჭულაძე.

„მოსწავლეთა სურვილით საკლასო ოთახებში არის რელიგიური კუთხე, სკოლის ტერიტორიაზე არის წმ. გაბრიელის სახელობის ეკლესია,“ – ს(ს)იპ ქალაქ ქუთაისის #11 საჯარო სკოლა, დირექტორი ნუგზარ ჩაკვეტაძე.

„…სკოლის პირველ სართულზე განთავსდა მცირე ზომის სამლოცველო, რომელიც, როგორც სასწავლო რესურსი, ხელს უწყობს ესგ-ს საზ. მეცნიერების შედეგებისა და სტანდარტების განხორციელებას,“- ქ. თბილისის #126 სკოლის დირექტორი ქეთევან აბულაძე.

საჯარო სკოლებში, რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მასშტაბურობისა და სისტემური ხასიათის მიუხედავად, კანონდარღვევების იდენტიფიცირებას ართულებს ის ფაქტი, რომ მშობლები, უმეტესწილად, თავს იკავებენ, საჩივრით მიმართონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს. მათი აზრით, ეს მდგომარეობას გაართულებს და ბავშვების სტიგმატიზაციას გამოიწვევს.

ვითარების ზუსტ აღწერას ისიც უშლის ხელს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ საჩივრებზე სტატისტიკას არ აწარმოებს.

აქედან გამომდინარე, სამინისტრო არ ფლობს მასწავლებლის უკანონო ქმედების გამო დაკისრებული პასუხისმგებლობის შესახებ არანაირ ინფორმაციას. TDI-ის მიერ საქართველოს მასშტაბით გამოკითხული ორმოცი სკოლიდან მასწავლებლების წინააღმდეგ შესული საჩივრების არსებობას არც ერთი მათგანი არ ადასტურებს.

სასწავლო კალენდარში რელიგიური უმცირესობების ინტერესის გათვალისწინება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის აშკარა დარღვევის გარდა არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო კალენდრის შედგენა. ზოგიერთი რესპონდენტი აცხადებს, რომ სახელმწიფო გამოცდებისა და სასკოლო ოლიმპიადების დანიშვნისას განათლების სამინისტრო გარკვეული რელიგიის მიმდევართა ინტერესს არ ითვალისწინებს. მაგალითად, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა რელიგიურ ორგანიზაციაში შაბათი დღე უქმედაა გამოცხადებული და ამ დღეს მორწმუნეები საერო საქმეებში არ მონაწილეობენ. ეკლესიის პასტორის, ბორის ჭარაიას თქმით, გამოცდები ხშირად სწორედ შაბათ დღეს ემთხვევა. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გაწეული რეკომენდაციების მიუხედავად, გამოცდაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლის ან გამოცდის გადატანის შესახებ თხოვნით მიმართვა რელიგიურ ორგანიზაციას ყოველ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად უწევს.

რეკომენდაციები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

• საჯარო სკოლებში პროზელიტიზმის, ინდოქტრინაციისა და რელიგიური სიმბოლიკის არააკადემიური დანიშნულებით გამოფენის შემთხვევების გამოვლენის მიზნით, საჭიროა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სახალხო დამცველისა და დაინტერესებული ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეიქმნას მონიტორინგისა და რეაგირების სპეციალური ჯგუფი;

• მონიტორინგის ჯგუფმა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;

• მონიტორინგისა და რეაგირების ჯგუფმა, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით, უნდა შეიმუშავოს გზამკვლევი საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის, სადაც მოცემული იქნება ზოგადი განათლების კანონის მოთხოვნების, საჯარო სკოლაში რელიგიური ნეიტრალურობის დაცვისა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობისთვის საჭირო კონკრეტული ინსტრუქციები;

• აღნიშნულმა ჯგუფმა ყოველწლიურად უნდა წარმოადგინოს ანგარიში საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ;

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით აქტიური მუშაობისა და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებისთვის; მათ შორის, უზრუნველჰყოს ტოლერანტობის კულტურის წამახალისებელი ღონისძიებების – მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციების, კონკურსების, ვიქტორინების, დისკუსიებისა და ა.შ. გამართვა;

• ს(ს)იპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაში უნდა გაძლიერდეს ინტერკონფესიური და ინტერკულტურული კომპონენტი;

• საჭიროა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტში ტოლერანტობის კუთხით მასწავლებელთა განწყობების შეფასება;

• საჭიროა, დირექტორის სტანდარტში აისახოს მოთხოვნა ინტერკულტურული განათლებისა და ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის საჭირო უნარების ფლობის შესახებ;

• საჭიროა, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის, სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების რევიზია და მათი საშუალებით მოსწავლეებისთვის ნეიტრალური, დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება; მათში ტოლერანტული იდეებისა და რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა. ისტორიიის, ლიტერატურის, კულტურის, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების სახელმძღვანელოები შეუწყნარებლობის ქადაგების ნაცვლად, უნდა აჩვევდეს განსხვავებულის პატივისცემას და ყურადღებას ამახვილებდეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.

• გრიფირების წესში შეტანილი ცვლილების მონიტორინგისთვის, საჭიროა, შეიქმნას საექსპერტო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან და დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჯგუფი შეაფასებს, თუ რამდენად ასახავს სახელმძღვანელოები კულტურულ და კონფესიურ მრავალფეროვნებას და მოამზადებს რეკომენდაციებს სახელმძღვანელოების შემდეგი გამოცემისთვის.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: