რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებები – ქონების რესტიტუცია

ბოლო დღეებში სოფელ მოხეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოავლინა სისტემური ხასიათის პრობლემა, რომელიც რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო-ნაგებობების რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობას უკავშირდება. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 2014 წელს მოამზადა კვლევა, რომელშიც მოხეს მეჩეთის პრობლემაც არის აღწერილი. 

გთავაზობთ ამონარიდს კვლევიდან:

ბოლო წლების განმავლობაში რელიგიისა და საერო სფეროების ურთიერთგადაკვეთაზე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ დომინანტი რელიგიისადმი სახელმწიფოს პრეფერენციული დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების ხელყოფისა და დისკრიმინაციის სისტემური პრობლემის გაჩენის საფუძველი გახდა.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა შეფასებები საქართველოში რელიგიის თავისუფლების დარღვევის სხვადასხვა ტენდენციას აჩვენებს.

პრობლემების ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი რელიგიურ გაერთიანებებს წლებია აწუხებს და სახელმწიფოს მათ გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები არასდროს გადაუდგამს, ნაწილი კი, რელიგიის საკითხზე მომუშავე ახალი საჯარო სტრუქტურების შექმნასთან, ბოლო პერიოდში გამოვლენილ ისლამოფობიასა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული.

საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია რელიგიურ უმცირესობათა ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხუთი რელიგიური გაერთიანება: სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია საქართველოში, კათოლიკე ეკლესია, მუსლიმთა თემი, ევანგელურლუთერული ეკლესია და იუდაური თემი 20 წელზე მეტია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობებისა და სხვა ქონების დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებს

კვლევის პროცესში გამოკითხული რესპონდენტების აზრით, რესტიტუციის პრობლემა ხელს უწყობს მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებას უმრავლესობისა და უმცირესობის ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებს  შორის და მნიშვნელოვნად აფერხებს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს.

მუსლიმური თემი. დღესდღეობით მუსლიმური თემი ქვემო ქართლში 18 ისტორიული, უფუნქციო მეჩეთის, ადიგენის რაიონში 4, ხოლო აჭარაში 3 მეჩეთის გადაცემას ან უკიდურეს შემთხვევაში, დასუფთავებასა და აღდგენას ითხოვს. ამ მეჩეთების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, ნაწილი კი საერთოდ არ არის რეგისტრირებული.

შიიტ მუსლიმთა ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის თქმით, მოლაპარაკებები ქვემო ქართლის მეჩეთების საკუთრების უფლებით გადმოცემაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა გადმოცემის შემთხვევაში პრობლემას წარმოქმნის მეჩეთების მოვლისა და კომუნალური გადასახადების გადახდის საკითხი.

მუსლიმი მორწმუნეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამი მეჩეთის გადმოცემისა და  აღდგენის მოთხოვნით ადგილობრივ  და ცენტრალურ ხელისუფლებას წლებია მიმართავენ.

სამიდან ერთი ისტორიული მეჩეთი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეში მდებარეობდა და  ფუნქციონირებდა როგორც პოლიცია, თუმცა  2010 წელს ყოფილი მეჩეთი მთლიანად დაანგრიეს და მის ადგილზე  პოლიციის ახალი შენობა ააშენეს.

მეორე მეჩეთი,  ქობულეთში აღმაშენებლის გამზირ #100-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი კინოთეატრი „რუსთაველი“),  რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს #1-1/1197 ბრძანებით, შესულია საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში. 2007 წლის 16 ოქტომბერს მუსლიმთა სასულიერო-სამუფთო სამმართველომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს მეჩეთის უსასყიდლოდ დაბრუნებისა და რელიგიური დანიშნულებით მისი განახლების თხოვნით მიმართა. წერილზე პასუხი მუსლიმებს არ მიუღიათ.

ხელვაჩაურის მუნუციპალიტეტის სოფელ გვარაში არსებულ მესამე მეჩეთს რაიმე სამოქალაქო დანიშნულება არ აქვს, მიუხედავად ამისა, მუსლიმთა თემი მის დაბრუნებასაც უშედეგოდ  ცდილობს.

მძიმე მდგომარეობაშია სამცხე-ჯავახეთში მდებარე მუსლიმური სალოცავები. აბასთუმანში მე-19 საუკუნის მეჩეთის ნანგრევები მიტოვებულია. მახლობლად რეპატრირებულ მესხთა 12-მდე მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივმა ქრისტიანებმა აქ მეჩეთს კარი ჩამოხსნეს და ბოსლად იყენებენ.[1] ანალოგიური მდგომარეობაა ადიგენის რაიონის სოფელ ფლატეში, სადაც უმოქმედო მეჩეთს ადგილობრივმა მოსახლეებმა ქვაკუთხედები მოანგრიეს.  ეს ქვები ზარზმის მონასტრის მღვდლებმა ტაძრის მახლობლად სენაკების ასაგებად გამოიყენეს. მოსახლეობამ მეჩეთის დაშლა სწორედ სასულიერო პირების ინიციატივით დაიწყო იმ მოტივით, რომ საკულტო ნაგებობა კულტურულ და ისტორიულ ძეგლს არ წარმოადგენდა.[2] 2009 წელს ზარზმის მონასტერში ფლატედან წაღებული ქვები  სახალხო დამცველის აპარატიდან ჩასულმა ჯგუფმა აღმოაჩინა. ნიშანდობლივია, რომ ამ ვანდალური ქმედებისთვის პასუხი არავის უგია.

მეჩეთი სოფელ მოხეში

პრობლემას წარმოადგენს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მეოცე საუკუნეში აგებული მეჩეთის საკითხი, რომელიც საბჭოთა პერიოდში იძულებით გადასახლებული მესხების აშენებულია. შენობა დიდი ხნის განმავლობაში  საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად გამოიყენებოდა. დღეს იგი ამორტიზებული და უფუნქციოა.[3] 2008 წელს მუსლიმმა მოსახლეობამ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მეჩეთის რესტავრაციის თხოვნით მიმართა. მუნიციპალიტეტი თემს შენობის შეკეთებას დაპირდა, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა. სამცხე-ჯავახეთის მუფთის,  მამუკა ვაშაყმაძის თქმით, თემმა 2014 წლის 30 მაისს მუნიციპალიტეტის გამგეობას ოფიციალური წერილით განმეორებით მიმართა – მუსლიმები შენობის „სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის“ საკუთრების უფლებით გადაცემას ითხოვენ. სოფელში ჩასული იყო დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძეც. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა,  ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე გამგეობას განცხადება არ განუხილავს. მოხეს მეჩეთის მუსლიმებისთის დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი მართლმადიდებლები, რომელთა თქმით, სოფლის ცენტრში მუსლიმური სალოცავის მშენებლობას არ დაუშვებენ.[4]

სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://wp.me/p3MVEY-6O

 
[1] „ნახევარმთვარის მოტაცება“, ჟურნალი ტაბულა, 04.02.2011, სტატია ხელმისაწვდომია: http://www.tabula.ge/ge/story/53728-naxevarmtvaris-motaceba
[2] „კულტურული მემკვიდრეობა და ვანდალიზმი“, ჟურნალი ლიბერალი, ეკა ჭითანავა, თემო ბარძიმაშვილი. სტატია ხელმისაწვდომია: http://liberali.ge/ge/liberali/articles/100715/
[3] „ნახევარმთვარის მოტაცება“, ჟურნალი ტაბულა, 04.02.2011, სტატია ხელმისაწვდომია: http://www.tabula.ge/ge/story/53728-naxevarmtvaris-motaceba
[4] „რას დაპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს?“, სამხრეთის კარიბჭე, 31.05.2013, ხელმისაწვდომია http://sknews.ge/index.php?newsid=3796#.U5lrpnKSzp4
Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: