არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე 27 მაისის თავდასხმასთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას  ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე 27 მაისს განხორციელებული თავდასხმის გამო და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეს ფაქტი დროულად და ეფექტურად გამოიძიოს, ასევე პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი. იმავდროულად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს და საჯარო პირს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებისა და აგრესიის წახალისებისგან.

ბოლო ხანებში გახშირდა მოქალაქეებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტები, რაც ცალსახად უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მსგავს შემთხვევებთან მიმართებით გატარებული ზომების არაეფექტურობასა და სახელმწიფოს უუნარობას ადეკვატური სანქციები გამოიყენოს დამნაშავეთა მიმართ. აღნიშნული ტენდენცია შემაშფოთებელია როგორც ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე ქვეყანაში სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების დაუბრკოლებლად განხორციელების თვალსაზრისითაც, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ამგვარი ძალადობრივი ქმედებები სწორედ დანაშაულის მსხვერპლთა პოლიტიკურ საქმიანობასა თუ შეხედულებებს უკავშირდება.

ძალადობის პრევენციის აუცილებელი წინაპირობაა შესაბამისი ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეთათვის ადეკვატური სანქციების დაკისრება., არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დისკურსში ამგვარი ქმედებების ცალსახად და უპირობოდ დაგმობა, რაზეც პირველ რიგში, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელნი.

აქედან გამომდინარე აღმაშფოთებელია მსგავსი მოვლენებისადმი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება, რომლებიც ცდილობენ გამართლება მოუძებნონ დანაშაულებრივ ქმედებებს და “სამართლიანობის აღდგენასაც” კი უკავშირებენ ადამიანებზე თავდასხმას და ძალადობას, გამომდინარე იქიდან, რომ მსხვერპლი ოპოზიციური პარტიის წევრი ან მხარდამჭერია.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შეფასებისას “პირველი რადიოსთვის” მიცემულ კომენტარში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა: “ცუდი ფაქტია თავისთავად. ხალხმა არ უნდა აღადგინოს სამართლიანობა. არ უნდა მივიდეს ხალხი იქამდე, რომ თვითონ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. კონკრეტულად თუ რამე დანაშაული აქვს ჭიაბერაშვილს, განაჩენი დაუდგა მაგას და პასუხი არის განაჩენი. მოტივი რა იყო და რა მოხდა, მე არ შემიძლია ახლა განცხადების გაკეთება. შეიძლება რაღაც შელაპარაკება იყო, შეიძლება რაღაც წინაპირობა ჰქონდა ამას. ეს სამართალდამცავების საქმეა და უნდა გამოიძიონ. ფაქტი ნამდვილად არასასიამოვნოა. კიდევ ერთხელ მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ საბაბას, რომ იყვირონ რომ აი, პოლიტიკური ნიშნით გვდევნიანო. რა მოხდა იქ რა ვიცი, იქნებ ჭიაბერაშვილმა დედა შეაგინა, მე რა ვიცი…“

მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკოსის და თანამდებობის პირის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ამართლებს და ახალისებს სიძულვილს, ადამიანების მიმართ აგრესიას, პოლიტიკური ნიშნით მათ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, აზარალებს საზოგადოებას, ხელს უშლის ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას, ასევე მომავალი არჩევნების თანასწორ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას, რაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)  

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: