ქართველ მუსლიმთა კავშირის, MDF-ის და TDI-ის საჩივარი

ვთვლით, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმში 6 აპრილს (21 სთ) გასული სიუჟეტი, რომელიც ბათუმში მუსლიმთა სალოცავის აშენების თემას შეეხება, ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებას, არასწორ კონტექსტუალიზაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახდენს.

მართალია, სიუჟეტის დასაწყისში ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ქემალ ცეცხლაძე საუბრობს იმ პრობლემების შესახებ, რაც მრევლს ბათუმში არასაკმარისი სალოცავი სივრცის გამო ლოცვის მხრივ ექმნება, რასაც ქუჩაში პარასკევის ლოცვის ვიზუალური სცენაც ასახავს, მაგრამ სიუჟეტის მეორე ნაწილში ჟურნალისტი ავითარებს აზრს, თითქოს მეჩეთის მშენებლობა საქართველოს მოქალაქე მუსლიმების საჭიროება კი არ არის, არამედ მეზობელი სახელმწიფოს – თურქეთის მიერ თავსმოხვეული ვალდებულებაა. ამის საილუსტრაციოდ კი ჟურნალისტს, მთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლის დაცარიელებული ჯუმა მოჰყავს (“თურქული და ირანული ბათუმის ცენტრიდან ძირძველ ქართულ სოფლებში ავდივართ”, “პარასკევია და მოლა ჯუმაში მარტო შედის”). ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული ეს ბმა დაუსაბუთებელია, რადგან ბათუმში სალოცავი სივრცის ნაკლებობას, მთიან აჭარაში ცარიელი სალოცავის არსებობა არანაირად არ აკომპენსირებს და ეს სხვა, სოციალურ-ეკონომიკური რეალობის აღწერას მეტად უკავშირდება, ვიდრე მეჩეთის მშენებლობის თემას. ამ შემთხვევაში სახეზეა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33 (2) მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად, “მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას”.

ვთვლით, რომ ასევე დაუშვებელია კადრებით და სინქრონით მანიპულირება, რაც სიუჟეტში მთიან აჭარაში გადაღებულ პასაჟს მოსდევს. კერძოდ:

ჟურნალისტის (თეა ადეიშვილი) დაუსაბუთებელი განზოგადება – თითქოს “სოფლებში, სადაც ისლამი უფრო მყარია, ვიდრე ქალაქში, სწყინთ, რომ ძველი უნიკალური სალოცავები ინგრევა, ახლის აშენება კი ქართველ მუსლიმებს მეზობელი თურქეთის ინტერესების გამო სურთ” – არა სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლების სინქრონს, არამედ აკადემიური სფეროს ერთი წარმომადგენლის კომენტარს ეფუძნება:

რამაზ სურმანიძე, ისპტორიკოსი, პროფესორი: “რატომ უნდა მოითხოვოს მეზობელმა ქვეყანამ [თურქეთმა] ჩვენთან სამლოცველოს აშენება? თუ სამლოცველო ასაშენებელია, ხალხი არის აქა, საზოგადოებაა, თუ მათ სჭირდებათ, თვითონ ეს ხალხი ააშენებს და იქნება სამლოცველო”.

მნიშვნელოვანია, რომ ამ კომენტარში რესპონდენტი გარდა იმისა, რომ ეჭვის ქვეშ აყენებს ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებას (რასაც სიუჟეტის დასაწყისში თავადვე აღწერდა), ის აღნიშნულ მშენებლობას, არგუმენტაციის გარეშე, “მეზობელი ქვეყნის” მოთხოვნას უკავშირებს, ხოლო ჟურნალისტი არათუ ცდილობს, მეტი სიცხადე შეიტანოს იმაში, თუ რა და ვის მოთხოვნას გულისხმობს რესპონდენტი, არამედ ამ მოსაზრებას სოფლის მოსახლეობის პოზიციად დაუსაბუთებლად წარმოაჩენს.

ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში დარღვეულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 14 (9) მუხლი, რომლის თანახმად,”ინტერვიუების, ჩაწერილი მასალის, მათ შორის საარქივო მასალის რედაქტირებისას, მაუწყებელმა არ უნდა დაამახინჯოს რესპონდენტის ციტატა, ან არ უნდა მოახდინოს სხვა სახით აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა ვიზუალური ან აუდიო მანიპულაციებით, დასმული კითხვების მნიშვნელობის შეცვლით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი კადრების გამოყენებით.”

ამასთანავე, ვთვლით, რომ დარღვეულია კოდექსის მე-13 (2) მუხლი, რომელიც ავალდებულებს მაუწყებელს, “მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება;” ასევე 18 (2) მუხლი: “პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს”.

ვთვლით, რომ მთლიანობაში აღნიშნული სიუჟეტი არღვევს მაუწყებელთა ქცევის კოდექის 32 (1) მუხლს, რომლის თანახმად, “მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.”

მოვუწოდებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განიხილოს განცხადებაში მოყვანილი ქცევის კოდექის დარღვევის ფაქტები, ხოლო “პოსტ-სკრიპტუმის” რედაქციას, მომავალში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს მსგავსი მგრძნობიარე თემების გაშუქებისას და თავი აარიდოს სხვადასხვა მრწამსის საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი საკითხის მეზობელი სახელმწიფოს კონტექსტში განხილვას, რაც ინტეგრირების ნაცვლად, მათ გაუცხოვებას უწყობს ხელს.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: