სახელმწიფო დაფინანსება მართლმადიდებლური რწმენის განმტკიცებისათვის

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იკვლევს სახელმწიფოს მიერ საქართველოს საპატრიარქოს, ეპარქიებისა და ეკლესია-მონასტრების დაფინანსებისა და მატერიალური მხარდაჭერის საკითხებს. წინამდებარე შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია თბილისში (რაიონული გამგეობები), ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთსა და რუსთავში 2011-2013 წლებში ეკლესიების საბიუჯეტო დაფინანსებაზე; ასევე ნაჩვენებია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტები, რომლებიც  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 80 წლის და აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით განხორციელდა.

საქართველოს საპატრიარქო,  ეპარქიები და ეკლესია-მონასტრები  სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით, 25 მილიონი ლარის გარდა, ყოველწლიურად ფინანსდებიან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდანაც, ასევე სახელმწიფო ფონდებიდან და სამინისტროებიდან,  მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ 2013 წელს გამოქვეყნდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართელოს (TI) კვლევა და რამდენიმე სტატია ინტერნეტ გამოცემა “ნეტგაზეთში”, დაფინანსების  აღნიშნული პრაქტიკა კიდევ უფრო ჩაღრმავებულ და ყოვლისმომცველ კვლევას,  ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და პრობლემის აქტუალიზაციას  საჭიროებს.

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ფინანსური ურთიერთობის მოცემული ფორმა, ბიუჯეტის შესახებ კანონში საპატრიარქოს დაფინანსების მიზნების ფორმულირებიდან გამომდინარე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებულ სეკულარობის პრინციპს და კონკრეტული რელიგიური დოქტრინის მხარდაჭერის სახეს იღებს. არსადაა ნახსენები, რომ სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აფინანსებს კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, რაც საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის კომპენსაციას გულისხმობს. გარდა ამისა, დაფინასნების არსებული წესი მკაფიოდ დისკრიმინაციულ პრაკტიკას წარმოადგენს, რადგან უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც ფინანსური პრივილეგიებითა და იდეოლოგიური მხარდაჭერით  არ სარგებლობენ. ამასთანავე, საბიუჯეტო მიზნების განსაზღვრისას სახელმწიფო, ფაქტობრივად, უკუაგდებს ყველა რელიგიური გაერთიანებისადმი ნეიტრალიტეტის პრინციპსაც. სახელმწიფო 2014 -2017 წლების ბიუჯეტის კანონის პრიორიტეტებისა და პროგრამების თავში პირდაპირ აცხადებს, რომ ახალგაზრდების ქრისტიანული ღირებულებებით აღსაზრდელად  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში)დაფინანსდება საპატრიარქოს 70-ზე მეტი საგანმანათლებლოკულტურული და საქველმოქმედო ორგანიზაცია, კერძოდ, სასულიერო აკადემიები და სემინარიები, უნივერსიტეტი, სკოლაგიმნაზიები,დედათა და ბავშვთა სახლები, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონები, სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრი, პროფესიული კოლეჯი და სახელობო სასწავლებლები.“  (8.5  საქართველოს საპატრიარქო. პროგრამული კოდი 45 00)           

ყოველივე ამასთან ერთად, საპატრიარქოსა და ცალკეული ეკლესიებისთვის გადაცემული თანხის განკარგვა ხდება გაუმჭვირვალედ,  ხარჯვაზე არ ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო კონტროლი და, აქედან გამომდინარე, უცნობია, რამდენად მიზნობრივად იხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები. უკონტროლობა, ცხადია,  ნიადაგს ქმნის იმისთვისაც, რომ გაუმჭვირვალე დაფინანსება საქართველოს საპატრიარქოსა და მასთან აფილირებულ ორგანიზაციებთან მიმართებით, შეიძლება  ე.წ. „შავი ბუღალტერიის“  კონტექსტშიც იქნას განხილული.

უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო დადგენილებებში ცალკე   გამოყოფილია პროგრამა „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“  და ქვეპროგრამები სახელწოდებით: „რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა“, ხოლო ზოგჯერ მითითებულია პირდაპირ „ეკლესიების ხელშეწყობა“ (რელიგიური ორგანიზაციების ნაცვლად),  ასევე, „რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა“. ზოგიერთ შემთხვევაში, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების შეფასების ინდიკატორად (მაგალითად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2013 საბიუჯეტო დადგენილებში) „ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენის განმტკიცებაა“  ჩაწერილი.

2013 წელს თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ მართლმადიდებელ ეკლესიებს, მთლიანობაში,  1,478,962 ლარი გამოუყო. ქუთაისში  2011 წელს ქუთაისგაენათის ეპარქიას გადაეცა  71,500 ლარი,  2012 წელს – 45,000 ლარი, ხოლო 2013 წელს -202,400 ლარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ეკლესიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემოქმედის ეპარქიას 2011 წელს  60,000 ლარი, 2012 წელს 55, 000 ლარი, ხოლო 2013 წელს 57,100 ლარი ჩაურიცხა. ბათუმში 2010-2012 წლებში მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების ხელშეწყობის მიზნით დაიხარჯა 1,816,829 ლარი. რუსთავში პროგრამის „კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტიფარგლებში, 2013 წელს რუსთავის და მარნეულის ეპარქიას 15,000 ლარი, ხოლო „მეუფის რეზიდენციას და ტაძარს“  – 3,642.5 ლარი,  2012 წელს რუსთავის და მარნეულის ეპარქიის რეზიდენციას და რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარს   7007,09 ლარი, ხოლო 2011 წელს რუსთავის და მარნეულის ეპარქიას 15,500 ლარი გადაეცა.     

თბილისი

გამგეობების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა ქალაქის ბიუჯეტის  „სხვა კეთილმოწყობის ღონისძიებების“ პროგრამაშია გათვალისწინებული. ზოგადად, ამ პროგრამის მიხედვით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. გამგეობების წარმომადგენლების თქმით, ეკლესიების ფინანსური დახმარების ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგეობის სხდომა, ეკლესიებიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე- მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ უმეტესწილად, კონკრეტული ეკლესიისთვის თანხა  წლის განმავლობაში მრავალჯერადად გაიცემა. მაგალითად, მთაწმინდის რაიონში კოჯრის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერს  22.04.2013-ში გადაეცა 14,000 ლარი, 24.06.2013-ში – 15 000 ლარი, 25.06.2013-ში – 25,000 ლარი, 12.12.2013-ში – 4,500 ლარი, სულ – 58,500 ლარი. კრწანისის რაიონში წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ორჯერ ჩაერიცხა 35,000 ლარი, მესამედ – 1,500 და მეოთხედ – 5,000 ლარი, ჯამში 76,500 ლარი. ასევე, ხშირად, ერთი და იგივე ეკლესია ფინანსდება უწყვეტად, რამდენიმე წლის განმავლობაში.

2013 წელს გამგეობების „კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებებისთვის“ განსაზღვრული ბიუჯეტიდან ეკლესიებისთვის პროცენტულად ყველაზე დიდი თანხა გამოიყო კრწანისის (26%), გლდანისა (10,9 %) და მთაწმინდის რაიონებში (7,8%).

უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის 1 მარტიდან თბილისის ტერიტორია 6-ის ნაცვლად დაიყო 10 რაიონად, რამაც შედარებით მცირე ტერიტორიული ერთეულებისთვის თანხის მობილიზების საშუალება გაამარტივა. თუკი 2012 წელს ვაკე-საბურთალოს რაიონის ეკლესიებისთვის გამოიყო 333,800 ლარი, 2013 წელს ვაკისა და საბურთალოს რაიონებში შემავალ ეკლესიებზე გაცემული ჯამური თანხა 358,000 ლარს შეადგენს.  ასევე, ისნისა და სამგორის რაიონების ეკლესიებმა 2013 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამურად მიიღეს 233,454 ლარი, მაშინ, როცა ისან-სამგორში 2012 წელს ეკლესიებზე გაიცა 92,700 ლარი, 2011 წელს კი 128,000 ლარი.

 გამგეობების მიერ მოწოდებულ სიებში ბენეფიციართა შორის ზოგჯერ ობიექტების ნაცვლად, მოხსენიებული არიან ფიზიკური პირები: მაგ.  ნაძალადევი – მარიამ ქათამაძე -2,000 ლარი- 30.04.2013

რაიონულიგამგეობა

წელი

გაცემულითანხა

პროცენტული წილი რაიონის კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტში

მთაწმინდის რაიონის გამგეობა   [1] 2013  315,508  ლარი 7,8 %
ვაკის რაიონის გამგეობა 2013 201,000 ლარი 5,7%
ვაკე-საბურთალოს გამგეობა (2013 წლის იანვრიდან 1 მარტამდე 48 000 ლარი  
ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა 2012

2011

333, 800 ლარი

152,000 ლარი

 
საბურთალოს რაიონის გამგეობა 2013 157,000   ლარი 6,6 %
კრწანისის რაიონის გამგეობა 2013 187,000  ლარი 26 %
სამგორის რაიონის გამგეობა 2013 140,500  ლარი 6,2 %
ისნის რაიონის გამგეობა 2013 92,954   ლარი 5%
ისან-სამგორის რაიონის გამგეობა 2012

2011

92,700 ლარი

128,000 ლარი

 
დიდუბის რაიონის გამგეობა 2013 75, 000 ლარი 5,9 %
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2012

2011

153,000 ლარი

71,338 ლარი

 
ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2013 30, 000  ლარი 1,9%
გლდანის რაიონის გამგეობა 2013 157,000  ლარი 10,9%
გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა 2012

2011

100,000 ლარი

100,000 ლარი

 
ნაძალადევის რაიონის გამგეობა 2013

75,000   ლარი

4,2 %

 

თბილისი 2013 –  სულ 1, 478 ,962 ლარი

თბილისი 2012 – 679,500 ლარი (ოთხი გამგეობა)

თბილისი 2011 – 451,338 ლარი (ოთხი გამგეობა)

 

დეტალური მონაცემები იხილეთ ბმულზე:

 https://drive.google.com/file/d/0B7jcTlJbeGWGbHYzNG91QTZ0bWs/edit?usp=sharing

 

ქუთაისი

რელიგიური ორგანიზაციებიდან თვითმართველი ქალაქი-ქუთაისის ბიუჯეტიდან ყოველწლიურ დაფინანსებას, სუბსიდიის სახით იღებს ქუთაის-გაენათის ეპარქია. მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, არცერთი სხვა რელიგიური გაერთიანება არ ფინანსდება. აღნიშნული დაფინანსება ხორციელდება პროგრამის „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (05 00) ქვეპროგრამის „ქუთაის-გაენათის ეპარქია“ (05 05) ფარგლებში. ქვეპროგრამის მიზანია: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 2011 წელს აღნიშნულმა ეპარქიამ ბიუჯეტიდან მიიღო 71,500 ლარი, 2012 წელს 45,000 ლარი, ხოლო 2013 წელს, წინა წელთან შედარებით ეპარქიის დაფინანსება ოთხნახევარჯერ გაიზარდა და შეადგინა 202,400 ლარი.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს პროგრამაზე „ეპილეფსიით დაავადებულთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა“- 0 თეთრი იყო გამოყოფილი;  ხანდაზმულთა სოციალური ცენტრების მომსახურებაზე კი  – 23, 400 ლარი. იმავე წელს ეპარქიამ 202, 400 ლარი მიიღო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ამ თანხიდან 11,845 ლარი ელ.ენერგიისა და სხვა კომუნალურ გადასახადებზე დაიხარჯა.  2014 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ეპარქიისთვის გათვალისწინებულია 12,000 ლარი.

ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შემოქმედის ეპარქიას „კულტურა, რელიგია და ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების“ ქვეპროგრამის „რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა“ (05 05) ფარგლებში,  2011 წელს  – 60,000 ლარი, 2012 წელს – 55, 000 ლარი, ხოლო 2013 წელს – 57,100 ლარი ჩაურიცხა. 2014 წლის ბიუჯეტის გეგმაში გათვალისწინებულია 70,000 ლარი.

დეტალურ ბიუჯეტში „რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის“ ნაცვლად, მითითებულია „ეკლესიის ხელშეწყობის პროგრამა“.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძის განმარტებით, ბიუჯეტში არსებობს სპეციალური ეკლესიის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეპარქიას ყოველწლიურად ერიცხება გარკვეული თანხა შემოსული განცხადებებისა და გამგებლის ბრძანების საფუძველზე.  TDI-თვის მოწერილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ გამგეობა თანხის განკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ბიუჯეტიდან არცერთი სხვა რელიგიური გაერთიანება არ ფინანსდება.

უნდა აღნიშნოს, რომ 2013 წელს შემოქმედის ეპარქიისთვის გამოყოფილი დაფინანსება ( 57, 000 ლარი) მნიშვნელოვნად აღემატება სხვა მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების ხარჯებს. მაგ: დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა – 600 ლარი; ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა – 1, 400 ლარი;  სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრი დაფინანსდა თითქმის ორჯერ ნაკლები თანხით – 30 100 ლარი; უსინათლოთა დახმარების პროგრამაზე  თითქმის ხუთჯერ ნაკლები თანხაა გამოყოფილი – 12,600 ლარი; თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამაზე ასევე 12,600 ლარი დაიხარჯა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარების პროგრამაზე კი –  40, 100 ლარი.

 

ბათუმი

ქ ბათუმში 2010-2012 წლებში მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების ხელშეწყობის მიზნით დაიხარჯა 1,816,829 ლარი. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები –  1, 224,016 ლარი -2010-2012 წლები

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარეთა განათების შეძენა-მონტაჟი – 208,492 ლარი -2010-2011 წლები

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ფასადის იზოლაციის სამუშაოები – 34,321 ლარი- 2011 წელი

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებისთვის  350,000 -2011 წელი.

 

 

რუსთავი

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  პროგრამაში „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი“ (05 00) გამოყოფილია ცალკე პუნქტი  „მეუფის რეზიდენციისა და ტაძრების დახმარება (05 04)

TDI -თვის მოწერილი ოფიციალური წერილის მიხედვით, – 2011 წელს რუსთავის და მარნეულის ეპარქიას გადაეცა 15 500, რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარს 3,500 ლარი (სულ 19, 000 ლარი)

2012 წელს რუსთავის და მარნეულის ეპარქიის რეზიდენციას და რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარს  გადაეცა 7007,09 ლარი.

2013 წელს – რუსთავის და მარნეულის ეპარქიას გადაეცა 15, 000 ლარი,  მეუფის რეზიდენციას და ტაძარს – 3,642.5 ლარი.

2014 წლის გეგმაში კი აღნიშნულ პროგრამაზე გათვალისწინებულია – 24,000 ლარი.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადებიდან 80 წლის და აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, 2013 წელს გამოყო 874 ,665 ლარი,  2012 წელს კი–  433,000 ლარი.

 აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა შემდეგი ღონისძიებები:

  •  ალბომი „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ – მომზადება-გამოცემა (ტირაჟი: 3000ც.); გამოფენა-პრეზენტაცია მოეწყო  ეროვნული ბიბლიოთეკაში 23.12.2012წ.  ბიუჯეტი – 24,602ლარი;
  • „ქართულ-ბერძნული ხელნაწერის ფაქსიმილური  ვარიანტის მომზადება-გამოცემა (ტირაჟი: 1000ც.);  ბიუჯეტი – 125 000ლარი;
  • ალბომი  „ქართული ხელნაწერი წიგნი“ მომზადება-გამოცემა (ტირაჟი: 1000ც.),  პრეზენტაცია მოეწყო  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.  27.12.2012წ. ბიუჯეტი -11,220ლარი;
  • ფოტოგამოფენა „ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“, ჩატარდა 9 გამოფენა- მცხეთა, სტეფანწმინდა, სიღნაღი, თელავი, წინანდალი, ყვარელი, გურჯაანი, სასჯელაღსრულებითი კოლონია, თბილისი თსუ; ბიუჯეტი – 46 520ლარი;
  • საერთაშორისო კონფერენცია „შემობრუნება სულიერებისაკენ“ (მეუფე დანიელი); პროექტი განახორციელა ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის  საერთაშორისო ცენტრმა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ფოტო-გამოფენა, ფოტო-ალბომის „ჟამი წყალობისა“ პრეზენტაცია, საიუბილეო ღონისძიებების გადაღება, მომზადდა დოკუმენტური ფილმი; ბიუჯეტი- 194,124ლარი;
  • 2012 წლის 25 დეკემბერს კონცერტი ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში; ბიუჯეტი – 31,600ლარი;
  • 2013 წლის 4 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში  ფონდ „იავნანა“-ს საქველმოქმედო    გალა-კონცერტი; ბიუჯეტი – 59,375ლარი;
  • 2013 წლის 11 იანვარს კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში გამოიცა დისკი პატრიარქის საგალობლების (ტირაჟი 5000ც.); ბიუჯეტი – 176,555 ლარი;
  • პატრიარქის ეპისტოლეების მომზადება-გამოცემა: ერთტომეული ტირაჟით 10 000ც. და ორტომეული ტირაჟით 1 500ც. ბიუჯეტი – 272,343 ლარი;
  • მსოფლიო პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით მიღება-ვახშამი პატრიარქის სახელით შერატონ მეტეხი პალასში 13.01.2013წ. ბიუჯეტი – 59,981 ლარი.
  • მიღება პარლამენტის თავჯდომარის სახელით   12.01.2013წ. ბიუჯეტი – 13,331 ლარი;
  • მიღება საპატრიარქოს უნივერსიტეტში; ბიუჯეტი – 5,080 ლარი;
  • სასაჩუქრე სუვენირების დამზადება, ბიუჯეტი – 96,340ლარი;
  • პატრიარქის ეპისტოლეების ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადება-გამოცემა ტირაჟით 3000ც. ბიუჯეტი – 50,750 ლარი;
  • ფილმის „სიცოცხლის ფასად“ ჩვენება კინო-თეატრ „ამირანში“; ბიუჯეტი – 6,260 ლარი;
  • სტუმრების განთავსება სასტუმრო მერიოტში და ტრანსპორტირება; ბიუჯეტი- 134,650 ლარი;

 


[1] 2013 წლის 1 მარტამდე თბილისის ტერიტორია დაყოფილი იყო 6 რაიონად: ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევისა და დიდგორის რაიონებად. 2013 წლის 1 მარტიდან კი, თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის #1-4 გადაწყვეტილების საფუძველზე,  ჩამოყალიბდა 10 რაიონული გამგეობა: მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის, ისნის, დიდუბის, ჩუღურეთის, გლდანისა და ნაძალადევის გამგეობები.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: