მინარეთის მოხსნასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიციის შეფასება

2013 წლის 2 და 4 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის 26 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მინარეთის მშენებლობა „კანონდარღვევით მოხდა და, შესაბამისად, თვითნებობასა და უკანონობაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს“. ივანიშვილმა უარყო მინარეთის „დემონტაჟის“ რელიგიური სარჩული. მისი თქმით, რელიგიური შემწყნარებლობა „ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია“ და მინარეთის მოჭრა კანონიერების დაცვას დაუკავშირა: „როგორც მთავრობის მეთაური აქცენტს გავაკეთებ კანონზე. არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ ერთ ღამეში, დილით გავიღვიძოთ და მინარეთი დგას, რომელიც არავისთან შეთანხმებული არ არის, პროექტი არ არსებობს , ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში არ არის“ .

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადებას დამაჯერობლობა აკლია.

1. აქამდე მინარეთის დემონტაჟის მიზეზად არა უკანონო მშენებლობა, არამედ საბაჟო რეჟიმის დარღვევა სახელდებოდა. მთავრობის წარმომადგენლების მიერ მინარეთის „დემონტაჟის“ სხვადასხვა მიზეზის დასახელება გვიჩვენებს, რომ „დემონტაჟი“ კანონის დარღვევის გამო არ განხორციელებულა.

2. უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო სამსახურს მინარეთის დემონტაჟის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა და მის მიერ განხორციელებული ოპერაცია უკანონო ხასიათს ატარებდა.

3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მინარეთი უკანონოდ იყო დადგმული, დაუშვებელი იყო და არის მისი კანონის დარღვევით დანგრევა. დაუშვებელია, ერთი კანონდარღვევის მეორე კანონდარღვევით გამოსწორება, მით უმეტეს, თუ ამ კანონდარღვევას თვითონ სახელმწიფო ჩადის და პრემიერ-მინისტრი ამართლებს.

4. სხვა, მათ შორის რელიგიური დანიშნულების ნაგებობების უკანონო მშენებლობისა და მეორე მხრივ, მუსლიმთა უფლებების სისტემატიურად ქცეული ხელყოფის ფონზე, მინარეთის დანგრევა შეიძლება შეფასდეს როგორც შერჩევითი სამართლის პრეცედენტი და კანონის დისკრიმინაციული გამოყენება.

ჩამოთვლილი ფაქტორები უკიდურესად საეჭვოს ხდის პრემიერ-მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ სოფელ ჭელაში მინარეთის „დემონტაჟს“ არაფერი აქვს საერთო რელიგიურ დისკრიმინაციასთან.

პირიქით, მისი განცხადებები რელიგიური დისკრიმინაციის კიდევ ერთი დადასტურებაა – განსაკუთრებით საგანგაშო იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის მთავრობის წევრები ვერ ახერხებენ რელიგიური გრძნობების გამოხატვისას პირადისა და თანამდებობრივის გამიჯვნას და საჯაროდ აყენებენ ეჭვქვეშ რელიგიური უმცირესობის საკულტო ნაგებობების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინარეთის არსებობის საჭიროებას.

ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ მუსლიმი მოქალაქეების დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო დადანაშაულებისგან. მოვუწოდებთ, ყველაფერი იღონონ, რათა დროულად დაიწყოს გამოძიება ჭელას მინარეთის მოხსნის ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისგებაში მიეცნენ ის მოხელეები და თანამდებობის პირები, რომელთა უკანონო ქმედებებმა უხეშად დაარღვიეს მუსლიმი მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: